ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის გადაგზავნას პარლამენტში დღესვე გეგმავს. ოპოზიციის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რა წერია დოკუმენტში. ოპოზიციში ვარაუდობენ, რომ მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები ეფექტური არ იქნება.
„ეს ცვლილებები შესაბამის საბიუჯეტო მუხლებში თუ არ აისახა, არანაირი აზრი ოპტიმიზაციის თვალსაზრისით ამ ცვლილებებს არ აქვს. გვექება კონკრეტული საკითხები ახალ მინისტრების კანდიდატურებთან. განსაკუთრებით შს მინისტრის კანდიდატურასთან ბევრი შეკითხვა მაქვს. შეკითხვები გვექნება ფინანსთა მინისტრის კანდიდატურასთან, რომელიც არ იყო მაინცდამიანც წარმატებული რკინიგზაში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციისთვის საინტერესოა, ოპტიმიზაციის შემდეგ რამდენად ეფექტური იქნება მთავრობა და საბიუჯეტო სახსრებიდან რამდენი დაიზოგება.
„იმ წარმოდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებსა და საკადრო ცვლილებებზე მეტად განსაკუთრებით საინტერესოა თუ რა ფინანსური ეფექტი ექნება ამ ყველაფერს და რამდენად დაიზოგება საბიუჯეტო ხარჯები. პირველ რიგში, ის ბიუროკრატიული ხარჯები, რომელიც წლების განმავლობაში უთავბოლოდ იზრდებოდა „ქართული ოცნების“ პირობებში. ამ პაკეტს და მსგავსი ტიპის ცვლილებას, ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება იმ შემთხვევაში, თუ ეს არის რეალურად გადგმული ნაბიჯი ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებისკენ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.