ეროვნული ვალუტა გაუფასურებას კვლავ განაგრძობს. ცოტა ხნის წინ, ოფიციალური მონაცემები კიდევ ერთხელ შეიცვალა. სავალუტო ჯიხურებში, ერთი ამერიკული დოლარის ყიდვა 2.7-ად, ხოლო გაყიდვა 2.72-ად არის შესაძლებელი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება კიდევ გაგრძელდება და ამის მიზეზად, მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ. დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ყველა პროდუქტზე ფასების კიდევ უფრო გაზრდა მოყვება.
„შედეგი პირველ რიგში ფასებზე აისახება. ბუნებრივია, ამას მოყვება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზრდება, რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურად იმოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე. დღეს გამოქვეყნდა "საქსტატის" მონაცემები და 2016 წლის, მხოლოდ 2.8%-ით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ბუნებრივია, ამ ფორმით, ეკონომიკის ზრდაზე ასეთი ნეგატიური სტიმულატორები არც 2017 წელს და არც შემდეგ წლებში არ წაადგება საქართველოს,“ - აცხადებს ეკონომისტი ლაშა გოცირიძე.
განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა გივი ადეიშვილმა.
"რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ღია გვქონდეს ინვესტორების მიმართ. ანუ, მიწის კანონის შეზღუდვა და ა.შ. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ინვესტიციებზე და უარყოფითად აისახება გაცვლით კურსზე. ამიტომ ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ სხვადასხვა რეიტინგებში, რომელიც ჩვენ გარემოს შექმნის ხელსაყრელს ინვესტორებისთვის, შემოიტანენ უცხოურ ვალუტას,“ - განაცხადა გივი ადეიშვილმა.
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც და ერთი ევროს ყიდვა, სავალუტო ჯიხურებში ახლა 3.20-ად არის შესაძლებელი.