როგორ უნდა დარეგულირდეს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება - პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას მმართველი გუნდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.
„ქართულ ოცნებაში“ ვერ მორიგდნენ, რამდენი უნდა იყოს დეპუტატის ანაზღაურება. მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობდა.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ენძელა მაჭავარიანის აზრით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, კომიტეტის თავმჯდომარეებისა და დეპუტატების ანაზღაურება ძალიან არ უნდა განსხვავდებოდეს.
„მთავრობაში პრემიერმინისტრი ხომ არის და მერე ვიცე პრემიერი, ვიცე პრემიერები საერთოდ არ განსხვავდებიან, მათ შორის რანგირება არ არის. სახელმწიფო მინისტრიც კი, რომელიც უპორტფელო მინისტრად ითვლება, იგივე ანაზღაურება აქვს, რაც შს მინისტრს. პარლამენტში რა არის ასეთი მძიმე სამუშაო, რომ ერთით და ხუთით განსხვავდება რიგითი დეპუტატის და პარლამენტის თავმჯდომარის კოეფიციენტი. ანუ ჩვეულებრივ დეპუტატს და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის ერთით და ხუთით რატომ უნდა იყოს განსხვავება. მითუმეტეს ამ თანამდებობისთვის კიდევ აქვს უამრავი უპირატესობა. რაღაცით გავათანაბროთ,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
კოლეგას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ უპასუხა და განაცხადა, რომ კომიტეტების თავმჯდომარეებს უპირატესობები კი არა, მეტი დატვირთვები და ვალდებულებები აქვთ.