მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი სამთავრობო გუნდი შეიკრიბა. უკვე აშკარაა, რომ ოპტიმიზაცია, რომელიც "ქართული ოცნების" ხელში შემცირებას ნიშნავს, პირდაპირ შეეხება გაუქმებული სამინისტროების ასობით თანამშრომელს. მთავრობის წევრებს არც სხვა კითხვებზე აქვთ პასუხი და ამიტომაც დღეს ჟურნალისტებთან სასაუბროდ თავის ნებით არცერთი მინისტრი არ გამოვიდა.
მთავრობის სხდომათა დარბაზში დღეს ჯერ კიდევ 19 სკამი იდგა. სხდომას დღეს დიდი ალბათობით, ბოლოჯერ ესწრებოდნენ მინისტრები, რომელთა პოსტებიც გაუქმდა. ვიქტორ დოლიძე ევროინტეგრაციის, ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის და ილია ელოშვილი ენერგეტიკის რიგით ბოლო მინისტრები არიან. ეს სამინისტროები ახალი სტრუქტურული გაერთიანებების შედეგად აღარ იარსებებს.
მინისტრებს, რომელთა უწყებებიც მსხვილდებიან და გაუქმებულების ფუნქციებს იმატებენ, ჯერჯერობით ოპტიმიზაციის კონკრეტული გეგმა არ აქვთ. არ იციან რამდენი თანამშრომელი შემცირდება და რა თანხა დაიზოგება ამით. მინისტრები დღეს აცხადებდნენ, რომ ამ ცვლილებების მთავარი მიზანი, არა ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვა, არამედ ეფექტური მართვის მიღწევაა.
ახალი სამთავრობო ცვლილებები დებატების საგანი იყო პარლამენტში. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ცვლილებები ნაჩქარევი და ფასადურია და გადაწყვეტილებები ამ ცვლილებებზე არაფორმალურმა მმართველმა მიიღო.
სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პროექტს მთავრობა პარლამენტში გადააგზავნის და საკანონმდებლო ორგანო მას დაჩქარებული წესით განიხილავს. მისი დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნას 18-ის ნაცვლად 14 სამინისტრო ექნება. კონკრეტული გეგმები ოპტიმიზაციის შესახებ, გამსხვილებული სამინისტროების უწყებებმა მომავალი მთავრობის სხდომაზე უნდა წარადგინონ.