საქართველოს პარლამენტის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს. დეპუტატები დოკუმენტიდან იმ ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ, რომლითაც მაუწყებელს სტარტაპების დაფინანსების ფუნქცია ენიჭება.
ერთიანია ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხედულებები კომერციული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებითაც. კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო დროს არ უნდა ყიდდეს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს რიგ შემთხვევებში მას ჰქონდეს პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება, რასაც არ ეთანხმებიან კანონმდებლები.
„შესყიდვების კანონი აღარ ვრცელდება ნაწილობრივ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, აცნობიერებთ თუ არა იმას, რომ იზრდება აქ კორუფციის რისკი. არის ის მომენტი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა თანხები სახელმწიფოდან, რომელიც ხდება თანდათანობით უკონტროლო და პარალელურად მათ ეძლევათ საშუალება განათავსონ რეკლამა და თავისუფალი მედიის კონკურენციის ბაზრიდან მოიზიდონ ეს თანხები,“-მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.
დეპუტატების აზრით, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი და კერძო ტელეკომპანიები არათანაბარ პირობებში იქნებიან, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან წელიწადში 50 მილიონი ლარით ისედაც ფინანსდება.
„შეიძლება არსებობდეს გარკვეული საფრთხეები იგივე შესყიდვებთან მიმართებით, კორუფციული რისკები. ხომ არ აჯობებდა იმის ნაცვლად რომ საერთოდ შეგვეცვალა ეს მიმართულება, გარკვეული მექანიზმები ჩავდოთ იმისთვის, რომ ეს რისკები დაყვანილ იქნას მინიმუმზე,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ნაწილს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა არ სურს.
„ძალიან მიკვირს და ძალიან არ მომწონს ის დამოკიდებულება, რომელიც გუშინ წინ მაუწყებლის ადმინისტრაციიდან გაჟღერდა, რომლებმაც წარმოადგინეს, რომ ის კითხვები, რომელიც პარლამენტიდან ისმება თითქოს რაღაც სარედაქციო პოლიტიკის მიმართ იყოს დამოკიდებული, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. მე მგონი ძალიან ლეგიტიმურია რომ ეს კითხვები დავსვათ,“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.