20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
„მოსახლეობა ღატაკდება, ბანკები მდიდრდება“ - „ქართული ოცნება“ განმარტებას ეროვნულ ბანკს სთხოვს

„ქართული ოცნება“ ლარის გაუფასურების მიზეზთან დაკავშირებით განმარტებას ეროვნული ბანკისგან ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეროვნული ბანკი არის ის უწყება, რომელიც დეტალურ ინფორმაციას ფლობს ვალუტის კურსთან დაკავშირებით.

„ერთთვიანი რყევა, ეს უკვე მოკლევადიანი არ არის და საინტერესოა მათი პოზიციის მოსმენა, იმიტომ, რომ ძალიან ცუდად აისახება, ვფიქრობ, მიზეზები გასარკვევია, იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი არის ქვეყანაში მთავარი რეგულატორი და ჩვენ რასაც ვუყურებთ, მოსახლეობა ღატაკდება, ბანკები მდიდრდება, ორივე რომ კარგავდნენ, ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანები გაგებით მოეკიდონ, მაგრამ ვიღაცის ხარჯზე ვიღაც რომ მდიდრდება, ვფიქრობ, ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ.

ოპოზიცია კი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. ოპოზიციის შეფასებით, ეროვნული ვალუტის ვარდნის პარალელურად, ფასები გაიზარდა, რაც მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.

„ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით მთავრობა არის პასუხისმგებელი. მათი ის დანაშაულებრივი ნაბიჯები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იქნა გადადგმული, შემცირებული ინვესტიცია, ტყუილი ციფრები, რასაც აქვეყნებენ, ის სიგნალები, რასაც ინვესტორებისთვის უშვებენ, ის დამღუპველი რეგულაციები, რომელიც ბიზნესისთვის იქნა შემოღებული, ეს ყველაფერი ერთობლიობაში განსაზღვრავს იმას, რა მდგომარეობაშიც დღეს არის ეროვნული ვალუტა. იზრდება ფასები და ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა მძიმდება,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.

„ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ ლარის ვარდნის რეალური მიზეზი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები