პარლამენტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები იყო განხილვის მთავარი თემა. დეპუტატების უმრავლესობა, იმ ცვლილებების წინააღმდეგია, რომლითაც მაუწყებელი კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას ითხოვს. დღეს ამ თემაზე კენჭისყრა არ გაიმართება და ის მომავალი სასესიო კვირისათვის გადაიდო.
დეპუტატები თითქმის, მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და ამ ცვლილებებს მმართველ გუნდში მოწინააღმდეგეები ჰყავთ.
დეპუტატები დოკუმენტიდან იმ ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ, რომლითაც მაუწყებელს სტარტაპების დაფინანსების ფუნქცია ენიჭება. ერთიანია ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხედულებები კომერციული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებითაც.
„საზოგადოებრივი ტელევიზია ვერ იქნება ოფიციანტი, ოფიციანტის როლში, რომ ვინ რასაც შეუკვეთავს, აი ის შეასრულოს მექანიკურად. თუ სულ ისინი სერიალებს გააკეთებენ, ჩვენ უნდა ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი კლასიკა უნდა გავაკეთოთ, რასაც აკეთებს BBC, როდესაც მან მთელი შექსპირის ქრონიკები ფაქტიურად მოაქცია. რასაც აკეთებს რუსული არხი, როდესაც ის იღებს დოსტოევსკის, როდესაც ის იღებს ტოლსტოის და საკმაოდ კარგად. ნუ შეგვეშინდება ამის თქმა - რუსული არხის, საკმაოდ კარგად და ნიჭიერად იღებენ ისინი ამ სერიალებს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ.