20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
იტალიაში, ქალაქ ტურინში ეროვნებით ქართველი სავარაუდოდ ცემაში მოკლეს

იტალიაში, ქალაქ ტურინში ეროვნებით ქართველი სავარაუდოდ ცემაში მოკლეს. შემთხვევა ტურინის საემიგრაციო მიმღებ გამანაწილებელ სამსახურში მოხდა. ინფორმაცია „რუსთავი 2“-ს იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მიაწოდა.

ტურინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები „რუსთავი 2"-თან საუბარში აცხადებენ, რომ 23 წლის ბიჭის გარდაცვალებას ტურინის საემიგრაციო სამსახურში არ უდასტურებენ და ფაქტს მალავენ. მათი თქმით, კიდევ ერთი ახლგაზრდა მამაკაცი სასტიკად ნაცემია და ის ამ დროისთვის კარცერში იმყოფება. 

ტურინში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა „რუსთავი 2"-ს ასევე მიაწოდეს იმ პირის Facebook სტატუსი, რომელიც მათი მტკიცებით, კარცერში იმყოფება.

"ორი თვეა, საქართველოს საკონსულოს ვეხვეწებით, მოგვაქციოს ყურადღება, ახლაც კი, როდესაც მთელი იტალია ამაზე ლაპარაკობს, საკონსულოდან არავინ მოსულა. თქვენ სინდისზეა ეს ცოდვა, თქვე მონა ქართველებო,"- წერს სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე Facebook სტატუსში.

„რუსთავი 2“-ს ქართველი ტურისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, რომ საკონსულო სამსახურისთვის ცნობილი იყო ქ. ტურინის სადეპორტო ცენტრში მომხდარი ბუნტის თაობაზე, თუმცა მათივე განმარტებით, საკონსულოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

"დღეს 16 ნოემბერს გ.წ. დაუკავშირდა საკონსულო სამსხურს ცხელი ხაზის ნომერზე და აცნობა ქ. ტურინის საიმიგრაციო ცენტრში მომხადარი ბუნტის თაობაზე. მანვე განაცხადა, რომ სადეპორტო ცენტრში გარდაიცვალა ეროვნებით ქართველი, რომელიც ფლობს აზერბაიჯანულ პასპორტს. აღსანიშნავია, რომ საკონსულო სამსახურისთვის ცნობილი იყო ქ. ტურინის სადეპორტო ცენტრში მომხდარი ბუნტის თაობაზე და უკვე 14 ნოემბერს შედგა სატელეფონო საუბარი ქ. ტურინის საიმიგრაციო სამსახურთან ბუნტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების მიზნით, რა დროსაც საკონსულოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ემუქრება საფრთხე.

"არ დაადასტურეს ბუნტის დროს გარდაცვალების ფაქტი. გ.წ. სატელეფონო ზარის შემდგომ, საკონსულო სამსახურმა ხელმეორედ გადაამოწმა ინფორმაცია იტალიურ მხარესთან, რა დროსაც კვლავ არ დადასტურდა გ.წ.-სგან მიღებული ცნობები. აღსანიშნავია, რომ გ.წ-მ სატელეფონო საუბრისას ითხოვა შეხვედრა საკონსულოს თანამშრომელთან. ამ მოთხოვნის შესაბამისად, საკონსულოს წარმომადგენელი გაემგზავრება ქ. ტურინში, ხოლო იტალიის შესაბამისი ორგანოების მხრიდან სადეპორტო ცენტრში ვიზიტის განხორციელების ნებართვის მიღების შემთხვევაში, მოინახულებს მოქალაქეს,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

დღის ამბები