ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები გაგრძელდება - აღნიშნული განცხადება, ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსურმა მხარემ გააკეთა. გუშინვე გაირკვა, რომ მიმდინარეობს კიდევ ერთი მონაკვეთის ბორდერიზაცია.
საოკუპაციო ძალები კოდა-ჭვრინისის მიდამოებში მუშაობენ. სოფელ კოდასთან უკვე აგებულია რკინის ღობე და დადგმულია ბანერი. ჭვრინისთან კი, თხრილები გაავლეს.
სადემარკაციო სამუშაოების პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილი მიმდინარე პროცესებს უკანონო ქმედებად და პროვოკაციად აფასებს.
„ის ფორთიფიკაციები, ხელოვნური დაბრკოლებები, მავთულხლართები, ბანერები, მიწათხრილები, რაც შენდება საქართველოს ტერიტორიის შუაგულში და იწვევს 1000-ზე მეტი ოჯახის უშუალო დაზარალებას, სამეურნეო მიწებზე წვდომის შეზღუდვას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. 100 კილომეტრამდე მავთულხლართები პრობლემას უქმნის როგორც ქართველ, ასევე ოს მოსახლეობას, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ეს არის უკანონო პროცესი,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.