მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" თბილისის მერს მიმართავს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოქალაქეებს შუამდგომლობას უწევს. დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, მათ რეკომენდაციით მიმართვა, კახა კალაძის განცხადების შემდეგ გადაწყვიტეს.
საქმე ეხება თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ ნიკოლოზ ჭონქაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, როდესაც კალაძემ თქვა, რომ ჭონქაძე არის კარგი თამადა და კარგი ჩოხოსანი.
მონიტორინგის ცენტრ ”მედიატორის” თავმჯდომარე ამბობს, რომ მათ შეარჩიეს რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც კარგად მღერიან, ცეკვავენ და არიან კარგი თამადები, სწორედ ამ ადამიანებს სთავაზობენ საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა "კარგი თამადების" ბიოგრაფიები თბილისის მერიაში წარადგინეს და როგორც თავად ამბობენ, გაუადვილეს თბილისის მერს კადრების შერჩევის პროცესი.
„გუშინ კახი კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქალაქო სამსახურის უფროსად ნიშნავდა პირს იმ მოტივით, რომ იგი არის კარგი თამადა. ამ განცხადების შემდეგ, ჩვენ მოგვმართა რამდენიმე მოქალაქემ, რომ რეკომენდაცია გაგვეწია კახი კალაძესთან. ეს ადამიანები არიან ძალიან კარგი თამადები, კარგად მღერიან, კარგად ცეკვავენ, აქვთ facebook-ის ორი ექაუნთი და მესამეს გაკეთებაც არ არის მათთვის პრობლემა. ჩავთვალეთ, რომ ეს ადამიანები ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, რაც ბატონი კახისთვის მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.