20 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"თამადაც გყავთ და დაგტოვებთ ამ სიამტკბილობაში" - "ევროპულმა საქართველომ" საკრებულოს სხდომა დატოვა 

თბილისის საკრებულომ თბილისის მომავალი მთავრობის წევრების შესახებ მსჯელობა დაიწყო. ამ დროისათვის საკითხს კომისიებში გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომა დაიწყება.
პროცედურას არ ესწრება თბილისი მერი კახა კალაძე, რასაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 

თბილისის საკრებულოში კომისიების გაფართოებული სხდომა, რომელზეც თბილისის ახალი მთავრობის წევრების კანდიდატურებს განიხილავს, “ევროპული საქართველო - თბილისის” წევრებმა დატოვეს.

განცხადება ფრაქციის თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა გააკეთა და ისაუბრა იმ კითხვებზე, რომელიც ფრაქციის წევრებს დედაქალაქის ახლადარჩეული მერის მიმართ ჰქონდათ.

„მასთან გვქონდა კითხვები, რატომ დარჩნენ პოსტებზე იგივე ნარმანიას გუნდი, რომელსაც აკრიტიკებდა წინასაარჩევნო პერიოდში, რატომ დაემატა ამას ქსენოფობიური, ჰომოფობიური და კაცთმოძულე ენის მქონე წარმომადგენლები, რატომ დარჩა სუს-ის კონტროლი ა.შ. ძალიან ბევრი შეკითხვა, რაზეც მოველოდით, რომ ბატონი კახი როგორც წესი და რიგია, როგორც პოლიტიკური კულტურა მოითხოვს მობრძანდებოდა საკრებულოში," - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ყოფილი მერი ნარმანიაც კი, რომელიც ბევრად ნაკლები ნდობის და მეორე ტურის შედეგად არჩეულ იქნა თბილისის მერად, აგვისტოში მობრძანდაიმყოფებოდა კაბინეტის წარდგენაზე.

"არ გაწუხებთ, რომ ახლად არჩეული მერი ახლად არჩეულ საკრებულოში არ მოვიდა? როგორც ვიცი თამადაც გყავთ და ამ სიამტკბილობაში დაგტოვებთ და შემოგიერთდებით საკრებულოს სხდომაზე,“ - მიმართა გაბაშვილმა საკრებულოს უმრავლესობას.

გიორგი გაბაშვილის განცხადებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. გიორგი ტყემალაძის თქმით, პოლიტიკური კულტურა მოითხოვს, რომ თანამდებობის პირები რომელთა განხილვაც ხდება, არიან წარდგენილები.

„ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს, მათ შორის კახი კალაძის ნათქვამია, რომ ის იქნება კონსტრუქციული, ის ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, ის კომუნიკაციაში იქნება მოსახლეობასთან. რაზე ვმსჯელობთ და ვსაუბრობთ, როდესაც საკრებულოში, მათ შორის თქვენთან ბატონო გიორგი, თქვენთან სასაუბროდაც კი არ მოვიდა,“ - მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს "ენმ"-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიციის ბრალდებებისგან თბილისის ახლად არჩეულ მერს დაცვა მოუწია. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპონენტებს კანონი განუმარტა.

„არავითარი ვალდებულება კახი კალაძეს აქ მოსვლის არ ჰქონდა რეგლამენტით და ასევე მნიშვნელოვანია, რომ კახი კალაძეს არც თავის გუნდთან არ აქვს ურთიერთობის პრობლემა და საზოგადოებასთანაც ძალიან აქტიურად ურთიერთობს,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები