იუსტიციის მინისტრმა მმართველი გუნდის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის კრიტიკას ბრალდებით უპასუხა. თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ წევრზე განაცხადა, რომ ის საკანონმდებლო ორგანოში არ დადის, თუმცა ხელფასს მაინც იღებს.
მანამდე კი, შოთა შალელაშვილმა თეა წულუკიანის განცხადებას, რომ უჩა ნანუაშვილი უსამართლო სახალხო დამცველია, პოლიტიკურად უპასუხისმგებლო უწოდა.
"ეს არის 180 პირიან პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ავირჩიოთ და ყველა დეპუტატს მართლაც მისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა უჩა ნანუაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით, ის ომბუდსმენის საქმიანობას კვლავაც შეაფასებს და მზად არის, როცა ნანუაშვილი სახალხო დამცველის თანამდებობას დატოვებს, მასთან პოლიტიკური დებატი გამართოს.
„რაც შეეხება ბატონ უჩას საქმიანობას, მე მისი შეფასება გუშინდელი 17 წლიანი პროფესიული დაკვირვების შედეგის საჯაროდ განცხადებით არ დამისრულებია. ამ საქმიანობას კიდევ შევაფასებ, მანამ ის არის ომბუდსმენი და მერე, როცა აღარ იქნება ომბუდსმენი და თუ მისი სურვილი იქნება, როდესაც ის ომბუდსმენობას შეწყვეტს, მზად ვარ მასთან საჯარო პოლიტიკური დებატიც გავმართო," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.