11 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე შეშფოთებას გამოხატავს. არასამთავრობოებს განსაკუთრებით სახიფათოდ მიაჩნიათ სასამართლო ხელისუფლების დამოკიდებულება.
"სასამართლოს ან წარმოდგენა არა აქვს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ, ან ეს წარმოდგენა ემყარება პოლიტიკურ კონიუნქტურას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას,"- აღნიშნავენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის მისამართით გაკეთებული განცხადებები არასწორია.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები ზოგადად, სახალხო დამცველის ინსტიტუტს აკნინებს.
„ეს ყველაფერი არის ძალიან მიუღებელი და საერთოდ არ ახასიათებს დემოკრატიულ საზოგადოებას,“ - განაცხადა გიორგი ონიანმა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან გაკეთებული განცხადებაც თავდასხმების პროცესის გაგრძელებაა.
„ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს არ ესმის სწორად კონსტიტუციური ორგანოს როლი და დანიშნულება,“ - განაცხადა ვერძეულმა.