ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის მწვავე დასკვნა „ქართული ოცნების“ შიგნითაც დაპირსპირების მიზეზი გახდა. მმართველი გუნდის დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ უჩა ნანუაშვილი უსამართლო ომბუდსმენია, უპასუხისმგებლოდ შეაფასა. ამ კომენტარის შემდეგ კი თავდასხმის ობიექტი თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გახდა.
თეა წულუკიანმა, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტში 150-ის ნაცვლად, 180 დეპუტატია, შოთა შალელაშვილი ყველაზე უდისციპლინო დეპუტატად დაასახელა.
თანაგუნდელები შოთა შალელაშვილის განცხადებას გაემიჯნენ და ის იუსტიციის მინისტრის მიმართ არაკორექტულობაში დაადანაშაულეს.
ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველის წინააღმდეგ ბოლო დღეების განმავლობაში დაწყებულ კამპანიას სამოქალაქო სექტორი და პრეზიდენტი დაუპირისპირდა. გიორგი მარგველაშვილის აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლები სახალხო დამცველის სახელმწიფოს მტრად გამოცხადებას ცდილობს.
11 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო სექტორი უჩა ნანუაშვილის ირგვლივ განავითარებულ პროცესებს ომბუდსმენის ინსტიტუტის შეურაცხყოფად აფასებს.