ნარკოპოლიტიკის ახალ პაკეტს „თბილისი მერიოტში“ პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთდ ამ წუთებში განიხილავენ. დეპუტატები მესამე სექტორის ინიციატივაზე მსჯელობენ, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების აზრით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია აუცილებელია.
„კანონპროექტი არსებული ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებას, კერძოდ, ნარკოტიკის მოხმარების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გამოყვანას და მასზე მხოლოდ ადმინისტრაციული დასჯადობის შენარჩუნებას, ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე. ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს ნარკოტიკულ დანაშაულებისთვის სასჯელების შემსუბუქებას და ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანი წესით განსაზღვრას. კიდევ ერთი მსხვილი მიმართულება არის დასჯის ნაცვლად, სამკურნალო, სარეაბილიტაციო პროგრამების გაუმჯობესება,“- განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტმა, გურამ იმნაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკა რეპრესიული არ უნდა იყოს, თუმცა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია, ოდენობები და დეფინიცია, პოზიცია ორად იყოფა.
„ეს არ გულისხმობს რეალიზატორების და ნარკოტიკებით მოვაჭრეების მიმართ რაიმე ტიპის ჰუმანურ ან შემწყნარებლურ და ლიბერალურ პოზიციას. ეს გულისხმობს, რომ ამ კუთხით უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. თუმცა, ამ პაკეტში არის საკითხები, რომლის მიმართაც ჯერ კიდევ არ არის თანხმობა,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ საპატიმრო სასჯელის გაუქმება პრინციპული საკითხია და მისი თქმით, ამ მუხლის ამოღება სისხლის სამართლის კოდექსიდან მთავრობის მიერ გარკვეული სერვისების განვითარების შემდეგ იქნება შესაძლებელი.