20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
პრემიერ კვირიკაშვილის მეგობრის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

პრემიერმინისტრის მეგობარი, ლევან ნოზაძე, განცხადებას ავრცელებს. შაბათის კურიერის   ანონსის გასვლის შემდეგ, რუსთავი2-ს საქართველოს პრემიერმინისტრის პრესამსახურის წარმომადგენელი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ნოზაძეს განცხადების გავრცელება სურდა.

კერძო პირის განცხადება, რომელიც პრემიერმინისტრის მეგობარია, სამაუწყებლო კომპანიას პრემიერის პრესამსახურმა მიაწოდა.

ნოზაძე რუსთავი2-ს მის საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ სოფელ სადგერთან შეძენილი მიწის ფართობი წინა ხელისუფლების ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ზეწოლის შედეგად დაათმობინეს.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი2-მა ჩემს წინააღმდეგ წამოიწო. იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას არ შეექმნას მცდარი წარმოდგენა მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია წინა ხელისუფლების დროს ქონების უკანონო წართმევასთან, გაცნობებთ საქმის რეალურ არსს.

"ჩემს მიერ 10 წლის წინ შეძენილ იქნა, დაახლოებით, ერთი ჰექტარი მიწის ფართობი, ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერთან. 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების, კერძოდ, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მუქარით მაიძულეს, დამეთმო აღნიშნული მიწა. დამემუქრნენ ჩემი ოჯახის წევრის დაპატიმრებით. ამ ზეწოლის გამო, მე იძულებული გავხდი, სახელმწიფოს მფლობელობაში დამეთმო აღნიშნული მიწა.

"2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მე დავიწყე სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა. 4 წლის განმავლობაში ჩემი კონსტიტუციური უფლების დასაცავად და მიწის დაბრუნების მოთხოვნით, არაერთი სარჩელი შევიტანე სხვადასხვა ინსტანციაში. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, 2016 წლის 6 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ გააუქმა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება და დაავალა იმავე უწყებას, ხელახლა განეხილა უძრავი ქონების დაბრუნების საკითხი.

"2016 წლის 5 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალურმა კომისიამ აღმიდგინა საკუთრების უფლება, რომელიც 2008 წელს უკანონოდ ჩამომერთვა. 2017 წლიდან აღნიშნული საქმე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის წარმოებაშია.

"კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ აღნიშნული საქმე პირდაპირ კავშირშია წინა ხელისუფლების დროს კერძო ქონების უკანონო წართმევასთან. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, აღნიშნულ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. უფრო მეტიც, გარკვეული ძალების მიერ ამ კამპანიის წარმოება ემსახურება წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებების დაფარვას და დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციას,“ - აღნიშნულია პრემიერის მეგობრის განცხადებაში. 

დღის ამბები