„ჩვენ იმპორტიორებს, ზოგადად ვისაც წარმოვადგენ, არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ მარაგები დაგვეგროვებინა,“ - ეს განცხადება დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ, განსხვავებული აქცენტების ეთერში გააკეთა.
ჭყონია საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ იმპორტიორებმა ფასები უნდა დაარეგულირონ და ფასები არ უნდა გააძვირონ. მესტვირიშვილის თქმით, იმპორტიორმა კომპანიებმა სხვადასხვა ვალუტის შეძენა აგვისტოდან დაიწყეს, რასაც ჭყონია უარყოფს.
ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ იმპორტიორ კომპანიებს უმეტესწილად არა აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ წინასწარ შეიძინოს ევრო ან დოლარი.
„მაქსიმუმ იმპორტიორ კომპანიას შეეძლოს და ჰქონდეს იმის ფუფუნება, რომ წინასწარ შეიძინოს ორი თვის შესაძენი პროდუქციის ევრო ან დოლარი. ამან თუ ეს ამინდი შემქნა, მაშინ რთულად ყოფილა საქმე,“ - განაცხადა ჭყონიამ.
ივა ჭყონიას თქმით, პროდუქციის გაძვირება მოკლევადიან პერიოდში არ მოხდება.
„უფრო მეტი თავშეკავებულობისკენ მოვუწოდებ სახელმწიფო მესვეურთ, როდესაც განცხადებებს აკეთებენ ლართან დაკავშირებით. ჯობია, საერთოდ, არ გააკეთონ, უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება, მაშინ და ეროვნულმა ბანკმა პირდაპირ ისაუბროს,“ - განაცხადა ჭყონიამ.