20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
მერია საკრებულოდან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვს

თბილისის მერია საკრებულოდან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვს. ამის შესახებ განცხადება, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კალაძემ მთავრობის წევრებს ბიუჯეტის პროექტის გამოთხოვა და მასზე მუშაობის დაწყება პირადად დაავალა.

თბილისის მერის განმარტებით, დედაქალაქის ბიუჯეტში განხორციელდება ცვლილებები და ბიუჯეტი იმ პროექტებისა და პრიორიტეტების მიხედვით გაიწერება, რომელიც თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას და გუნდს აქვს.

კახა კალაძის თქმით, ბიუჯეტში 2018 წელს განსახორციელებელი პროექტები აისახება.

„რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობა არ იყო დამტკიცებული, ვერ შევიტანდით ხედვებს, გეგმებს ქალაქთან დაკავშირებით თუ რა პროექტები უნდა შესულიყო. შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ვიცე მერს, რომ დაიწყოთ მუშაობა ბიუჯეტთან დაკავშირებით, გამოვითხოვოთ არსებული, წარდგენილი ბიუჯეტი და კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს მისი გადაგზავნა თბილისის საკრებულოში. ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული და გაწერილი ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს,” - განაცხადა კალაძემ. 

თბილისის ვიცე მერის განმარტებით, შენიშვნები არსებობს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერი განაგრძობს კონსულტაციებს ფინანსთა მინისტრთან, რათა 2018 წლის ბიუჯეტის გაზრდა მოხდეს.

„არსებითი ცვლილებები იქნება ბიუჯეტის, ჩვენ საშემოსავლო ნაწილში შენიშვნები არ გვაქვს, სწორად არის დაგეგმილი, თუმცა, ხარჯვით ნაწილში ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. ამასთან ერთად, გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან,“ - განაცხადა ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, იგეგმება ინსტიტუციური და სამართლებრივი კუთხით ცვლილებები. ბითაძე ამბობს, რომ თბილისის მთავრობა ბევრად უფრო სწრაფი იქნება, ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელების კუთხითაც.

დღის ამბები