20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
პროცესის მიმართ მქონდა გარკვეული უნდობლობა - იუსტიციის საბჭოს წევრი სასამართლო ინსპექტორის ჩაშლილ კონკურსზე

„ამ პროცესის მიმართ მქონდა გარკვეული უნდობლობა,“ - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლო ინსპექტორის დამტკიცების შემდეგ გააკეთა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ სასამართლო სისტემის ინსპექტორი დაამტკიცა. იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა.

მანამდე კი, ინსპექტორის ვაკანსიაზე კიდევ ერთი კონკურსი იყო გამოცხადებული, რომელიც ჩაიშალა. სწორედ ამ კონკურსთან დაკავშირებით აქვს კითხვები და ეჭვები ვახტანგ მჭედლიშვილს.

ის ვარაუდობს, რომ ზაფხულში ჩატარებული კონკურსის ჩაშლა პარლამენტის მიერ შესარჩევი კრიტერიუმის შეცვლას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელი ინსპექტორის გამოსაცდელი ვადა შეიცვალა.

„როდესაც მესამე ტალღის ფარგლებში ამოქმედდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, კრიტერიუმი დამოუკიდებელი ინსპექტორის იყო 10 წლიანი გამოსაცდელი ვადა, ხოლო ივნისში ეს კრიტერიუმი შეიცვალა 5 წლის ვადით. სამ დღეში იუსტიციის საბჭომ ჩაატარა დამოუკიდებელი ინსპექტორის კონკურსი და მოსამართლე წევრებმა და ერთმა არამოსამართლე წევრმა ბათილად ცნეს ბიულეტენი. მე გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ ეს კონკურსი ჩავარდა ხელოვნურად და დაემთხვა პარლამენტის მიერ ამ ცვლილებას,“ - განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

ვახტანგ მჭედლიშვილის ეჭვებს დაუსაბუთებელი უწოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.

„ეს განცხადებაც, ისევე, როგორც სხვა მსგავსი ბევრი განცხადებამ, რაც ბატონ ვახტანგს მანამდე გაუკეთებია, არის დაუსაბუთებელი. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაჟღერებული,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები