პარლამენტში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონი ამ დრომდე არ დარეგისტრირებულა. უმრავლესობის ინფორმაციით, კანონპროექტი ხუთშაბათამდე დარეგისტრირდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონი ბიუროს მომდევნო სხდომაზე შევა.
„არ მგონია, რომ ყველა კითხვაზე პასუხი უნდა წინასწარ გქონდეს მზად და გამოხვიდე და ერთი მუშტის დაკვრით გადაწყვიტო ყველაფერი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს კითხვებს უჩენს საკადრო ცვლილებები. გოცირიძის თქმით, საჭიროა, გაირკვეს რას ემსახურებოდა აღნიშნული ცვლილებები.
„ხომ არ მოხდა ეს ყველაფერი, ვთქვათ, ფინანსთა მინისტრის დასანიშნად და ზედმეტი ხმაური, რომ არ გამოეწვია იმას, რომ ერთი ნდობით აღჭურვილი ქართუს ჯგუფი შეცვალა კიდევ უფრო ნდობით აღჭურვილმა საოჯახო ჯგუფმა. ანუ ეს სტრუქტურული ცვლილებები გამიზნული იყო მინისტრების მოსახსნელ-გადასაადგილებლად, თუ რეალური მმართველობითი ცვლილებების განსახორციელებლად,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელს მოლოდინი ჰქონდა იმის, რომ პარლამენტში სამთავრობო ცვლილებების შესახებ შევიდოდა კანონპროექტი.
„ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტს ჰქონდეს საკმარისი დრო და რაღაც ნაჩქარევად არ იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. რატომ არ მოხდა, ამაზე, ალბათ მთავრობა იტყვის,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.