პრემიერის ინიციატივიდან 1 კვირის შემდეგაც, პარლამენტს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დოკუმენტი ჯერ არ მიუღია. ოპოზიცია სამინისტროების გაერთიანების გეგმას დღეს ბიუროს სხდომაზე ელოდებოდა, თუმცა მთავრობამ კანონპროექტების შეტანა პარლამენტში კვირის ბოლომდე გადადო. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლებამ რეფორმა რეფორმისთვის წარადგინა და წინასწარ დამუშავებული საკითხები არ ჰქონდა. ოპოზიცია პოლიტიკური მოტივაციით მიღებულ გადაწყვეტილებებზე მიანიშნებს.
მთავრობის დაგვიანება ტექნიკური პრობლემებით ახსნა უმრავლესობამ. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ სტრუქტურულ რეფორმას 100-მდე კანონში ცვლილების შეტანა სჭირდება და ამისთვის 1 კვირა საკმარისი არ არის. "ქართული ოცნება" სამინისტროების გაერთიანების გეგმას პარლამენტში ოთხშაბათს ელოდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით 4 სამინისტროს გაუქმება იგეგმება. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, გაერთიანებული სამინისტროების შრომის ანაზღაურებაზე - 12 606 თანამშრომლისთვის 129 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯულიყო.
უცნობია, რა თანხა დაიზოგება სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად და რა ელოდებათ 4 უწყების თანამშრომლებს, რომელთა ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.
ხელისუფლებას ნაჩქარევი და კონსულტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების გამო დღეს არასამთავრობო სექტორიც აკრიტიკებდა. 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.
ავტორი: ნატა კვირჩილაძე.