20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ეკა ბესელია თეა წულუკიანის ნაცვლად? - "ქართულ ოცნებაში" დიდ პოლიტიკურ გადაადგილებებს აანონსებენ

მთავრობაში მორიგი საკადრო გადაადგილებები დაანონსებულია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ეკა ბესელიათი ჩანაცვლება მხოლოდ დროის საკითხია. იუსტიციის მინისტრმა მედიით გავრცელებული ინფორმაცია დღეს უკომენტაროდ დატოვა. სააგენტო „ნიუპოსტი“ კი ამტკიცებს, რომ იუსტიციის მინისტრის გადაყენება პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო და თეა წულუკიანის პოსტზე დარჩენას პარტია "ქართულ ოცნებაში" წინ დიდი გარჩევები უძღვოდა.

შესთავაზეს თუ არა იუსტიციის მინისტრის სავარძელი, დღეს ამ თემაზე ეკა ბესელიას კომენტარი არ გაუკეთებია. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან საერთოდ არ გამოჩენილა. "ქართულ ოცნების" საპარლამენტო გუნდი კი მედიით გავრცელებულ ამბავს მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა.

"ქართული ოცნების" ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები სახალხო დამცველის მიმართ იმდენად არაკორექტული იყო, რომ ეს პროცესი არამხოლოდ მას, მთელს მთავრობას დააზარალებს. აქედან გამომდინარე, არმაზ ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ წულუკიანი მისსავე განცხადებებს შეეწიროს. ახვლედიანი „ქართულ ოცნებაში“ დიდი პოლიტიკურ გადალაგებას აანონსებს.

ის, ვინც "ქართულ ოცნებასთან" ერთად ხელისუფლებაში 4 წელი იყო და მმართველი გუნდის შიდა კულუარები კარგად იცის, მმართველ პარტიაში ახალ ცვლილებებს ელოდება.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ოცნების შიგნით მცირე დაჯგუფებების წარმოქმნას არ გამორიცხავს და ამ ეტაპზე ყველაზე მძლავრი ჯგუფის ლიდერად კალაძეს ასახელებს.

დღის ამბები