20 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში - მმართველი გუნდი სამართლებრივ ბრძოლას, ოპოზიცია კი ბიუჯეტის განხილვას იწყებს

ბორჯომის საკრებულოში პროცესები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ბორჯომის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ საკრებულოს აპარატს გუშინდელი ხმაურიანი სხდომის დოკუმენტაცია მხარდამჭერებისა და ტაშის თანხლებით ჩააბარა.

დღეს ოპოზიცია გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღიარებას და ძალაში შესვლას ითხოვს. მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარისა და 5 კომისიის ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარებას.

ოპოზიციის გეგმების ჩაშლას „ქართული ოცნება“ სამართლებრივი გზით შეეცდება. პარტია დავის გაგრძელებას პოლიტიკურ ოპონენტებთან სასამართლოში გეგმავს.

დაპირისპირებისა და ხმაურიანი გარჩევების ფონზე ბორჯომის საკრებულოში სხდომა გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ოპოზიციის 15-მა დეპუტატმა გადაწყვეტილებები უმცირესობაში დარჩენილი „ქართული ოცნების” 13 დეპუტატის გარეშე მიიღო.

ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველი სხდომა უკვე ჩანიშნა. ხვალ ოპოზიცია, სავარაუდოდ, ისევ მმართველი გუნდის წარმომადგენლების გარეშე შეიკრიბება და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვას დაიწყებს. „ოცნება“ საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე, ჯერჯერობით, უარს ამბობს.

დღის ამბები