ხვალ ბრიუსელი პირველად უმასპინძლებს აღმოსავლეთ პარტნიორობით რიგით მეხუთე სამიტს. ევროკავშირის ლიდერები უკვე ბრიუსელში იმყოფებიან. მათი ნაწილი ევროპის სახალხო პარტიის ოფისში იკრიბება, სადაც ორმხრივი შეხვედრები იმართება. EPP-ის სამიტს ესწრება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და უკრაინის დელეგაციაც. მათ შორისაა უკრაინის პარტია ”ბატკივშჩინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო.
იულია ტიმოშენკომ, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა, ჟურნალისტებთან საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებისგან ამგვარი საქციელი ყველა ზღვარს სცდება.
„უკრაინის ხელისუფლების, უფრო სწორად კი პრეზიდენტის მხრიდან ეს ამორალური, სუფთა უკრაინულად რომ გითხრათ, მდაბიო საქციელია. ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ქართველი მაშინ გაიტაცეს, როდესაც საკუთარი შვილისთვის სახლიდან იყო გასული აფთიაქში. ბავშვიც და მეუღლეც უკრაინის მოქალაქეები არიან, როგორ შეიძლებოდა ოჯახის ამგვარად გახლეჩა. თქვენ იცით, რომ მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილს, ჩავედი პოლონეთში რომ დავხმარებოდი მას დაბრუნებაში მაშინ, როცა მისივე მეგობარმა პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა და ფაქტიურად ქვეყნიდან გააგდო. მე ვიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილიც და მისი გუნდიც მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ უკრაინაში წესრიგის დამყარების საქმეში, გამოვიყენოთ მისი გამოცდილება და პიროვნული სიძლიერე,“ - აცხადებს ტიმოშენკო.
უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან.
„ჩვენ როგორც უკრაინული ოპოზიცია, რომელსაც ხალხის უმრავლესობის სიმპათია ეკუთვნის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის,“ - აღნიშნა ტიმოშენკომ.