სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ პირთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. მას ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი წარედგინა, თუმცა არც უწყებას და არც ბრალდებულის ადვოკატს, მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს, არ დაუსახელებიათ.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
"2017 წლის 23 ნოემბერს, დაკავებულ ს.დ-ს, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს," - აღნიშნულია განცხადებაში.
ძალოვანი უწყების განცხადებით, საქმეზე დამატებითი ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.
როგორც ცნობილია, ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.