საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ ასახელებს იმ პირების ვინაობას, რომელთა ლიკვიდაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოხდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოკლული თავდამსხმელი ახმეტ ჩატაევი იყო.
ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ქართველმა სამართალდამცველებმა 2012 წელს დააკავეს და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მალავე გაათავისუფლეს.
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის ინფორმაციით, „ცალხელა ახმედი“ საქართველოში თავად არ შემოსულა და ბინაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, მისი რაზმის წევრები იმყოფებოდნენ.
კასრელიშვილი „კურიერთან“ ყვება, რომ ჯგუფის მიზანი, რომელიც ქართულ სპეცსამსახურებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა, ციხიდან პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაკავებული, აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლება იყო.
აიუფ ბორჩაშვილი ახლა სასჯელს პანკისელი ახალგაზრდების სირიაში გადაყვანის გამო იხდის. დღეს „კურიერმა“ მოიპოვა ის წერილები, რომელსაც თანამოაზრეებს სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი ციხიდან უგზავნიდა და დახმარებას სთხოვდა. წერილები კონკრეტულ გზავნილებს შეიცავს, ამიტომ „რუსთავი 2“ მის შინაარსს არ ასაჯაროებს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ამბობს რომ, სავარაუდო დამნაშავეებს, შესაძლოა, უფრო დიდი მიზნები ჰქონოდათ.
ოფიციალური პირებიდან, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ საქმე საერთაშორისო ტერორიზმს ეხება.