გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას, ზოგადად ქვეყანაში შესაძლო საფრთხეებზე ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ბათუ ქუთელია, გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" ეთერში საუბრობს.
“დიდი მასშტაბის ტერორისტული საფრთხე საქართველოს არ ემუქრება, ამის არანაირი წინაპირობა არ არის და ჩვენ ხელთ არსებული საშუალებებით შეიძლება ამ საფრთხის გამკლავება, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება იქნება კარგად მობილიზებული და სწორ აქცენტებს გააკეთებს,“ - განაცხადა ქუთელიამ.
მისივე თქმით, ვინც წარმართავს ანტიტერორისტულ ოპერაციას, მედია უნდა გაიხადოს მოკავშირედ.
“დღევანდელი მოცემულობა უსაფრთხოების არის ის, რომ საინფორმაციო საშუალებები, ზოგადად ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ნებისმიერი სახით ამის შეზღუდვა პირიქით, კონტრპროდუქტიულია და ის, ვინც წარმართავს ანტიტერორისტულ ოპერაციას ან ნებისმიერი კრიზისის მართვის ოპერაციას, უნდა შეეცადოს და დაგეგმვის ნაწილი უნდა იყოს, რომ მედია საშუალებები, სოციალური მედია თავის მოკავშირედ გაიხადოს და არა პირიქით, რომ ომი გამოუცხადოს მათ,“ - განაცხადა ქუთელიამ.