ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას საერთაშორისო მედია ეხმაურება. ტელეკომპანია BBC საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შავი ზღვის კურორტზე, 22-სართულიან სასტუმროსა და კაზინოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
სტატიის თანახმად, სამაშველო სამსახურებმა შენობიდან 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი, რომლის ჩაქრობასაც საათები დასჭირდა, ამ დრომდე, უცნობია. სტატიაში მოყვანილია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაც, რომელშიც პრემიერი მომხდარის გამოძიების პირობას დებს.
რადიო “თავისუფლება” კი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ადამიანების გარდაცვალება მხუთავი აირით ინტოქსიკაციამ გამოიწვია. ავტორი წერს იმასაც, რომ ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეებიც არიან.
ტელეკომპანია ABC ცნობით, კი ხანძარი სასტუმროში იმ დროს გაჩნდა, როდესაც სილამაზის კონკურსის "მის საქართველო 2017-ის" მონაწილეები ვახშამზე იმყოფებოდნენ. ავტორი წერს, რომ ყველა კონკურსანტი ხანძარს სახანძრო კიბის მეშვეობით უვნებელი გადაურჩა.
სასტუმრო “ლეოგრანდში” დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა Guardian-შიც. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტატიის თანახმად, ხანძარს 6 სახანძრო მანქანა და 100-ზე მეტი მაშველი ებრძოდა.