„პრემიერი ჩემი ძმაკაცია,“ - პრემიერის მეგობრის, გიორგი გაჩეჩილაძის, ამ განცხადებიდან, დაახლოებით, ერთი წელი გავიდა და „უცნობი“ ახლა სასამართლოში ჩივის. პრემიერის "ძმაკაცი" ხელისუფლების კარტერულ გარიგებებზე და კლანურ ბიზნესინტერესებზე ხმამაღლა ალაპარაკდა.
გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მისი სიძის, გიორგი შარაშიძის, კომპანია სიტროენ ჯორჯია სწორედ სახელისუფლებო ინტერესებს და კონკრეტული კომპანიების ლობისტებს ეწირება.
გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ კომპანიასთან გაფორმებული ტენდერი შეწყვიტეს.
საქმე ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს, სადაც 4 კომპანია მონაწილეობდა.
სიტროენმა შემსყიდველს მომსახურება ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა, თუმცა, გადაწყვეტილება ჰუნდაის სასარგებლოდ მიიღეს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის 150 ათასით ძვირი გადაუხადეს.
შეაჩერე კორუფციის თავმჯდომარე, გიორგი ბაჯელიძე, ამბობს, რომ სახელისუფლებო კლანების ინტერესები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში აშკარაა და კონკრეტული მაჩვენებლები სატენდერო პირობებში, ხშირად კონკრეტული ფირმის უპირატესობას გარდაუვალს ხდის.
სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად სატრანსპორტო ტენდერებში იბერია ავტო და მისი დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფიგურირებდა.
საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფის მიერ დოკუმენტებზე დაყრდნობით მიღებული დაანგარიშება უჩვენებს, რომ სპორტის ყოფილი მინისტრის კომპანიამ ბოლო 3 წელიწადში ბიუჯეტიდან, თითქმის, 34 მილიონი ლარი მიიღო.
სახელისუფლებო კლანების დაპირისპირების და კარტერული გარიგეგების დასადასტურებლად გიორგი გაჩეჩილაძე ახლა სასმართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
პრემიერ კვირიკაშვილის მეგობარი მთავრობის მეთაურს მისივე მინისტრთა კაბინეტის წევრების პოლიტიკურ კორუფციაში მონაწილეობის მაგალითებს სასამართლო დასკვნასთან ერთად წარუდგენს.