20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
კომპანია არანაირად არ გაურბის თავის პასუხისმგებლობას - სასტუმრო "ლეოგრანდის" მეპატრონის ადვოკატი

„კომპანია არანაირად არ გაურბის თავის პასუხისმგებლობას,“ - ეს განცხადება სასტუმრო ლეოგრანდის მეპატრონის ადვოკატმა, კახა წერეთელმა, კურიერთან საუბრისას გააკეთა.

კახა წერეთლის თქმით, კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე გადაუგზავნეს სამართალდამცავებს.

„კომპანია არანაირად არ გაურბის თავის პასუხისმგებლობას. კომპანიის ყველა თანამშრომელი რჩება თავის სამუშაო ადგილზე. მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა გამოძიებასთან. ყველა ის დოკუმენტი, რაც გამოთხოვილი იქნა მიწოდებულია,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, კომპანია მზად არის დაშავებული მოსახლეობის დასახმარებლად. ადვოკატი თავს იკავებს კომპანიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან. 

ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში, ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა და სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დღის ამბები