ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობას პროკურატურა ამ დრომდე არ ასაჯაროებს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ეს პირი ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, სურხო დუდაევია.
დუდაევი იმ 20-მდე პირიდან ერთ-ერთი იყო, რომელთა წინააღმდეგაც 2012 წლის ზაფხულში, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია დაიგეგმა. სურხო დუდაევმა რამდენიმედღიან ალყას თავი დააღწია, 5-მდე მებრძოლთან ერთად საქართველო დატოვა.
სამართალდამცველებმა მაშინ ახმედ ჩატაევი დააკავეს, როგორც ამ დაჯგუფების წევრი და ბრალი წაუყენეს. ერთ-ერთი ვერსიით, ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი მოკლულიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. სწორედ ჩატაევის დაცვის წევრი იყო სურხო დუდაევი.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის მფლობელს, თინა გაურგაშვილს არ აქვს ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა მის სახლში. „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამტკიცებს, რომ დუდაევსაც და ახმედ ჩატაევსაც მხოლოდ შორიდან იცნობს, ბინა მათთვის არ მიუქირავებია.
თინა გაურგაშვილის თქმით, მისი სახლის გასაღები ბოლოს მის ნათესავს - რიზვან გორნაკაშვილის ჰქონდა, რომელიც გამოძიებამ სპეცოპერაციის დღესვე, გაუარგაშვილის შვილთან, ასლანბეგ ჯაბრაილოვთან ერთად დაკითხა. ორივე მათგანი საჯაროდ გამოჩენას თავს არიდებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ს.დ.-ს სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა და ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
სავარაუდოდ, სწორედ ამ საქმეს უკავშირდება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტროლის გამკაცრება. მოქალაქეები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში შემოსვლაზე ინგუშეთიდან და ჩეჩნეთიდან მამაკაცების შემოსვლაზე შეზღუდვებია დაწესებული, რასაც შსს-ში არ ადასტურებენ.
ავტორი: ია გულიაშვილი