„მოულოდნელი იყო მათთვის და ეს, ალბათ, უსიამოვნო იყო ასეთი მოულოდნელობა, მაგრამ ეს, ალბათ, გამოწვეულია, სწორედ იმ დაპირისპირებით და მძიმე მდგომარეობით, რომელიც იყო საპატრიარქოში,“ - ეს განცხადება თეოლოგმა ლევან აბაშიძემ წმინდა სინოდის წევრების განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებმაც პატრიარქის მიერ მოსაყდრედ მეუფე შიოს დანიშვნა შეაფასეს.
თეოლოგი ვარაუდობს, რომ ამას დიდი დაპირისპირება არ მოჰყვება და ყველა შეეგუება პატრიარქის გადაწყვეტილებას.
„ცხადია, იქნებიან ისეთი ძალები, რომლებიც იქნებიან მის წინააღმდეგ. ამას, რასაკვირველია, ჩვენ მოველოდით, იტყოდნენ, რომ, ვთქვათ, რუსეთისგან არის მართული პროცესები, ამას ხშირად ამბობენ... მე პირადად ვემხრობი იმ ვერსიას, რომ მიტროპოლიტი შიო სწორედ იმიტომ დაასახელა პატრიარქმა, რომ, ჯერ ერთი, განემუხტა ის დამუხტული მდგომარეობა, რომელიც იყო და მეორე, თვით მიტროპოლიტ შიოს პირადი დადებითი თვისებების გამო,“ - განაცხადა ლევან აბაშიძემ.
თეოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ მოსაყდრედ დანიშვნა პატრიარქობის ერთადერთ კანდიდატობას არ ნიშნავს.
"ამ ნებას, როგორც წესი, ანგარიშს უწევენ. შეიძლება ითქვას, რომ მოვლენები შეიძლება, ისე განვითარდეს, რომ ის იყოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეალური კანდიდატი სხვა კანდიდატებთან ერთად," - განაცხადა ლევან აბაშიძემ.