20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
დილით გამაღვიძეს და გამომიყვანეს. მითხრეს, რომ მათავისუფლებდნენ - გიორგი გიუნაშვილი

ცხინვალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში წელიწადნახევრიანი პატიმრობა დასრულდა. დივერსიულ ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებული გიორგი გიუნაშვილი უკვე სახლშია.

როგორც გიორგი გიუნაშვილი ამბობს, არ იცის, რა გარემოებებში მოხდა მისი გათავისუფლება. მისთვის უცნობია მოლაპარაკებების დეტალებიც.

ის ამბობს, რომ ცხინვალის ციხესთან დახვდნენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. კერძოდ, იქ იმყოფებოდნენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმიდან მურად ჯიოევი და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან ზურაბ ლაკერბაია, რომლებმაც ის ცხინვალის ციხიდან წამოიყვანეს ერგნეთის საგუშაგოზე და ქართულ მხარეს გადასცეს.

„დილით გამაღვიძეს და გამომიყვანეს. მითხრეს, რომ მათავისუფლებდნენ. მერე იქ ადმინისტრაციის შენობაში იყო აფხაზეთიდან წარმომადგენელი ლაკერბაია. მან მითხრა, რომ აფხაზური მხარის თხოვნით მოხდა. არ ვიცი, რატომ და როგორ. ინფორმაცია არაფერი მაქვს. ის გადმომყვა აქეთ, ჩვენ პოსტამდე, ერგნეთამდე გამოყვანის პერიოდში. ქართულ მხარეს გადმომცეს, მეტი არაფერი ვიცი სხვა,“ - ამბობს გიორგი გიუნაშვილი.

გიუნაშვილი 2016 წლს ოკუპირებულ დისევში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოლაპარაკებების შედეგად ოჯახმა წითელი ჯვრის დახმარებით მხოლოდ ორჯერ მოინახულა ის. ქართული მხარისთვის გიორგი გიუნაშვილის გადაცემის კადრები უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციამ. მასში აღნიშნულია, რომ ანატოლი ბიბილოვს საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების მოთხოვნით რაულ ხაჯიმბამ მიმართა იმ მიზნით, რომ შემდგომ ის გადაეცვალათ ქართულ ციხეში მყოფ აფხაზ პატიმარზე.

ანატოლი ბიბილოვმა მოთხოვნა წარუდგინა ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებს, რომლებმაც ის დააკმაყოფილეს.

დღის ამბები