18 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
გერმანელი ექსპერტი საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გერმანელი ჯარისკაცების ცხედრებს ეძებს

გერმანელ სამხედრო ტყვეთა საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის ექსპერტმა ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გერმანელი ჯარისკაცების სამარხებს უნდა მიაკვლიოს. ამჯერად ლუც მიულერი საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავის ტერიტორიაზე თავისი თანამემამულეების ცხედრებს ეძებს. 

სამხედრო ტყვემ, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა, თან წაიღო დახაზული რუკა, რომელიც მეხსიერებით ჰქონდა შედგენილი. ამ რუკის თანახმად, რუსთავის ძველი სადგურის მიმდებარედ არსებობდა ტყვეთა ბანაკი და შესაძლოა, მასთან ახლოს ორიათასამდე ადამიანი იყოს დამარხული.

მიულერმა თანამოძმეების ცხედრები უნდა ამოთხაროს და მათი ძვლები თბილისთან ახლოს არსებულ სამხედრო ტყვეთა სასაფლაოზე გადავასვენოთ და პატივითა და ღირსებით დაკრძალოს.

მისი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში გერმანელ სპეციალისტს რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგებიც ეხმარებიან. საველე სამუშაოები 15 ნოემბერს დაიწყო და ამ ეტაპზე შესწავლილია 45 სამარხი.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ტყვედჩავარდნილი ჯარისკაცების სიკვდილიანობის უმთავრესი მიზეზი იყო შრომის გაუსაძლისი პირობები და საკვების ნაკლებობა, რაც დაავადებებს იწვევდა.

საქართველოს სახელმწიფო არქივებში დაცულ დოკუმენტურ მასალებში გერმანელ ტყვეთა შესახებ მონაცემები მწირია. ამიტომ სპეციალისტები კვლავ გერმანელი ტყვე ჯარისკაცის მიერ დასახელებულ რიცხვებს ენდობიან, რომლის თანახმადაც, რუსთავის ტერიტორიაზე 12-დან 14 ათას ჯარისკაცამდე უნდა იყოს დასაფლავებული.

 

 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

 

 

დღის ამბები