ჩვენ მოვიგეთ საქმე, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს" წევრმა, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ გააკეთა.
საგანგებო ბრიფინგზე კახიძემ დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მე-18 მუხლის დარღვევის დადგენით, დამტკიცდა ექსპრემიერ მერაბიშვილის უკანონო პატიმრობა.
ოთარ კახიძემ საქართველოს მთავრობას მიმართა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მერაბიშვილი პატიმრობიდან.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, ძალაში დატოვა მანამდე სექციის მიერ მიღებული გადაწვეტილება, ვანო მერაბიშვილის საქმეზე და ჩვენ მოვიგეთ საქმე, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას. სასამართლომ ძალაში დატოვა მე-18 მუხლის დარღვევა, ეს არის ცნობილი მუხლი, ცნობილი პოლიტიკური პატიმრები - იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეები იყო წარმართული სტრასბურგში და მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, თუ სურთ, რომ მოახდინონ ზიანის მინიმიზება, რომელიც მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, რაც მოყვება მერაბიშვილის დაპატიმრებით, თუ სურთ ამ ზიანის გამოსწორება, დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ოთარ კახიძის ინფორმაციით, დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება და დღეს მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა. მისი თქმით, დიდი პალატის გადაწყვეტილება უნდა იყოს გაკვეთილი ხელისუფლებისთვის, რათა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, როგორც ვანო მერაბიშვილის, ასევე სხვა პოლიტიკური პატიმრების მიმართ.
დიდი პალატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც. ბოკერიამ მერაბიშვილის პოლიტიკურ დევნაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიხუროს ქვეყნის ისტორიაში ის სამარცხვინო ფურცელი, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა ჰქვია.
„ეს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში უნდა დაიხუროს. უნდა დამთავრდეს საუბარი პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც ციხეში არიან. ეს არ გახლავთ რომელიმე ცალკეული პატიმრის ინტერესი, რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესი, ეს არ არის შიდა პოლიტიკური ბრძოლის საგანი. ეს არის ქვეყნის მომავლის ნორმალური დემოკრატიული ტრადიციის, ქვეყნის იმიჯის საკითხი და ეს შედის ყველა ჩვენგანის ინტერესებში. პარადოქსული რამ უნდა ვთქვა, ეს შედის დღეს ვინც ხელისუფლებაშია, იმათ ინტერესშიც,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.