20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
როცა ევა გოცირიძის გამოსვლებს ვუსმენდით, მეგონა, რომ მან განათლება ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმის“ საფუძველზე მიიღო - სალომე სამადაშვილი

„გამიკვირდა, რომ ჯონ მარშალი საერთოდ იცით, ვინ არის. ქალბატონ ევას გამოსვლებს ვისმენდით სიტყვის თავისუფლების თაობაზე, მე მეგონა, რომ მან განათლება მიიღო ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმის“ საფუძველზე,“- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ევა გოცირიძეს, რომელიც შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდეს.

ოპოზიციის წევრს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ ეთიკის ნორმების დაცვა ურჩია.

სალომე სამადაშვილს თავად ევა გოცირიძემ უპასუხა. ოპოზიციისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურა მიუღებელია.  

„ის თუ ვინ რა განათლება მიიღო, ეს კარგად ჩანს, იმის მიხედვით, როგორ მეტყველებს და რა გამოთქმებს იყენებს ისეთ პატივსაცემ აუდიტორიაში, როგორიცაა სააქართველოს პარლამენტი,“- განაცხადა ევა გოცირიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძეს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. გოცირიძეს მხარდაჭერა მხოლოდ მმართველმა გუნდმა გამოუცხადა.

„მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარდა მხარი დავუჭიროთ მის კანდიდატურას. უსიამოვნოა ჩემთვის ყველა პოლიტიკური ინსინუაცია მაშინ, როესაც ღირებულებები და კანდიდატის კვალიფიკაცია ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშეა,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები