„ივანიშვილის რეჟიმის მთავარი საყრდენი დღესდღეობით არის სუს-ი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ სუს-თვის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ გააკეთა.
ბოკუჩავას თქმით, ყოფილი პრემიერი სწორედ სუს-ის დახმარებით ინარჩუნებს ძალაუფლებას.
„ივანიშვილის რეჟიმის მთავარი საყრდენი დღესდღეობით არის სუს-ი და სწორედ სუს-ის გამოყენებით ინარჩუნებს ივანიშვილი ძალაუფლებას, იქნება ეს არჩევნების დროს თუ ნებისმიერ სხვა მოვლენაზე, რომელიც მნიშვნელოვანია მისთვის. იმასთან ერთად, რომ მას ყოველ წელს რეალურად უზრდიან ბიუჯეტს, ახლა მისცემენ იმის საშუალებას, რომ ჩანერგილი თანამშრომლები, ე.წ. ოდეერები ყავდეს ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაში იმისთვის, რომ აკონტროლონ მთელი სახელმწიფო აპარატი და შესაბამისად, შეეცადონ, რომ მოახდინონ საზოგადოებაზე სრული კონტროლის დამყარება,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
განცხადება გააკეთა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა გიორგი კანდელაკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებას საჯარო დაწესებულებებში სუს-ის კონტროლის დამყარება სურს.
„ხელისუფლებას სურს დააკანონოს სუს-ის ის ტოტალური პოლიტიკური კონტროლი, რომელიც ხორციელდება ყველა დონის საჯარო დაწესებულებაზე, მათ შორის თვითმმართველობებზეც. საზოგადოებას კარგად ახსოვს არა ერთი შემთხვევა, თუ როგორ ერეოდნენ სუს-ის წარმომადგენლები, თუ როგორ ინიშნებოდნენ სუს-ის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ დღეს მოქმედი კანონი აღნიშნულ შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის შემცველ დაწესებულებებში, ახლა უკვე ზოგადად, ყველა დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება სუს-ის მხრიდან მივლენილი იქნეს თანამშრომელი,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ოპოზიციის ამ განცხადებებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა.
„მე მინდა შეგახსენოთ, რომ დაზვერვის სამსახური უერთდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დაზვერვის შესახებ კანონის, თუ არ ვცდები, 11-ე მუხლის მე-8 პუნქტი განსაზღვრავს სწორედ ამ პოზიციას, რომელიც ავტომატურად გადმოვიდა იმისათვის, რომ დაზვერვის სამსახურმა თავისი ფუნქციების და საქმიანობის განხორციელების მიზნით, გამოიყენოს ეს მუხლი,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს შეეძლევა იმუშაოს სხვადასხვა აღმასრულებელ დაწესებულებებში, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებში, ისე, რომ მას არ ექნება ვალდებულება იმისა, გაამჟღავნოს, რომ ის პარალელურად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.