„სანამ ხელისუფლება დუმს, ყველანაირ ვერსიას აქვს არსებობის უფლება,“ - ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ ისანში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქმედებებზე საუბრისას გააკეთა.
„ხელისუფლებას მოუწევს თავისი საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარება და იმის ახსნა, თუ რა მოხდა. მაგრამ ისე, როგორც მოქმედებს ხელისუფლება, ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს არც ნდობის მოპოვებას და არც საზოგადოების დამშვიდებას,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ნინო გოგუაძის თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ უამრავი კითხვა დაგროვდა, თუმცა, ამ დრომდე ხელისუფლებას არ გაუცია პასუხი.
„თუ ასე თავისუფლად თბილისის ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდნენ ტერორისტები, რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ სხვა ქალაქებში ან თბილსის სხვა ბინებში არ იქნებიან მსგავსი ჯგუფები. ესეც, რა თქმა უნდა, არის პანიკის საფუძველი და ჩვენი ხელისუფლება დუმს, დუმს და დუმს. მას მოუწევს, საზოგადოებას დაწვრილებით ჩააბაროს ანგარიში. ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ საიდუმლო ინფორმაციას, ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ხელისუფლება ვალდებულია, მიაწოდოს საზოგადოებას,“ - განაცხადა გოგუაძემ.