„ევროპული საქართველოს“ წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ოთარ კახიძე ისანში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო ვაკუუმზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებამ გააჩინა.
„რაც დრო გავა უფრო მეტი ახალი ვერსია გაჩნდება და რასაც ეს ყველაფერი განაპირობებს, ეს არის დაუცველობის განცდის ფორმირება. ახლა საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ხელისუფლებას არათუ არა შესწევს უნარი, რომ გააკონტროლოს საზღვარი, რომ ათათურქის აეროპორტის აფეთქებაში ეჭვმიტანილი საერთაშორისო ტერორისტი არ შემოუშვას ქვეყანაში ან არ შესწევს უნარი, რომ თბილისის ერთ-ერთ კორპუსში იარაღის არსენალი არ შეიტანონ ამ ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილმა პირებმა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
კახიძე მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მმართველმა გუნდმა კონტრდაზვერვის სისტემის ჩამოშლა დაიწყო და მაღალი თანამდებობის პირები პასუხისგებაში მისცეს.
„ამის შემდეგ კონტრდაზვერვის სამსახური დაკავებული იყო ყოფილი თანამდებობის პირების დევნით,“ - განაცხადა კახიძემ.
ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ჯაშუშები გაათავისუფლა. მან ასევე, აღნიშნა, რომ ჩატაევი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად გაათავისუფლეს.