ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება. გიორგი აბაშიშვილი მმართველ გუნდს სახელმწიფოს იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს იმ პირების დასჯა, რომელმაც მერაბიშვილის მიმართ კანონი დაარღვია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პრაქტიკულად წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში არ გაკეთდა არაფერი იმისთვის, რომ დასჯილიყვნენ ის ადამიანები, რომელთა გამოც დღეს საქართველოს სახელმწიფოს უხდება ბოდიშის მოხდა. ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული კანონდარღვევა პატიმარ მერაბიშვილთან მიმართებაში, დღეს არცერთის სახელი და გვარი არ ვიცით. „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ხდებოდა სწორედ ასე, როდესაც ადამიანები აძლევდნენ თავს უფლებას გადაემეტებინათ სამსახურეობრივი მოვალეობებისთვის და გადაყვა კიდეც ამას „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხაროდ, დღეს გრძელდება იგივე ტენდენცია, როდესაც თურმე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ კანონი დაარღვიონ, სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადაამეტონ და მათ პასუხი არავინ არ უნდა მოსთხოვოს, ხოლო საქართველოს სახელმწიფომ უნდა მოიხადოს ამაზე ბოდოში და იმართლოს თავი," - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.