20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები - მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ. მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის გეგმაზე ერთდროულად 4 კომიტეტი იმსჯელებს. მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა აქვთ.

მმართველი გუნდის ნაწილი აპროტესტებს იმას, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება ხდება.

„ძირითადი პრობლემა არის გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერთება, რაც არის ინტერესთა კონფლიქტი. არა მარტო მაგაში, არამედ ეკონომიკის სამინისტროში რომ აპირებენ წიაღისეულის გადატანას, რაც შინაარსობრივად ასოცირების შეთანხმებას და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მე ამას მხარს ვერ დავუჭერ,“ -  განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებს მხარს არ უჭერს და ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

„შემოდის ცვლილება, რომელიც არავინ იცის ხელისუფლებაში. ეს არის არაფორმალური მმართველობის ტიპური შედეგი, როდესაც მინისტრების დასანიშნად თუ მოსახსნელად სამინისტროების რესტრუქტურიზაცია ხდება. არავითარი კავშირი ამას მართვის გაუმჯობესებასთან არ აქვს. ეს არის პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტი. დასჭირდათ ერთი მინისტრის გაშვება და კიდევ უფრო ლოიალური და დაახლოებული მინისტრების დანიშვნა, რისთვისაც 900 გვერდიანი დოკუმენტი შემოვიდა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავრობას სტრუქტურული ცვლილებები გააზრებული არ აქვს.

„სამინისტროების რიცხვისა და ბიუროკრატიის შემცირება აუცილებელია, მაგრამ, როგორც ყველაფერს, „ქართული ოცნება“ დაგვიანებით აკეთებს, აკეთებს ფაცი-ფუცით, არასისტემურად,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

დღის ამბები