თბილისში არსებული ძეგლების უმეტესობა მოსახლეობამ პირბადეებით იხილა. სოციალურ ქსელში ქალაქის სხვადასხვა უბანში განთავსებული "პირბადიანი ძეგლების" ფოტოებიც გავრცელდა.
აქციის ორგანიზატორებს ამით შესაძლოა, ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე სურდათ ყურადღების გამახვილება. ამ თემაზე დღეს ქალაქის მერიაშიც ისაუბრეს, ამის შემდეგ კი თბილისში სპეციალური მანქანები გამოჩნდა, დასუფთავების სამსახურმა ძეგლებს პირბადეები ჩამოხსნა.
„ეს აქცია არ არის ნებადართული და არც ორგანიზებული მერიიდან. ამას არ მივესალმებით, ამ ადამიანებს გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით. ჩვენი მხრიდან ამას სათანადო რეაგირება მოჰყვება,“ - განაცხადა თბილისის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძემ.