ირაკლი სესიაშვილი ე.წ. ოდეერების სტატუსის დაკანონების საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ცვლილება შეეხებათ მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმოქმედებენ.
მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე მითითებული იყო, რომ ხარვეზი ჩასწორებულიყო და დაკონკრეტებულიყო, რომ ეს შეეხება მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს, რაც მთავრობამ გაიზიარა.
„ჩვენ მივუთითეთ, რომ აუცილებლად მითითებული უნდა იყოს, რომ ეს შეეხება მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს, რომელიც არის აპრობირებული ფუნქცია და ეს გამოიყენება ყველა ქვეყანაში და აქამდეც ჩვენს ქვეყანაშიც გამოიყენებოდა. ამიტომ, ხარვეზი კომიტეტის ფარგლებში იყო აღნიშნული, მთავრობამ გაიზიარა და შესაბამისად, უკვე პირველი მოსმენის პირობებში ის წარმოდგენილი იქნება ამ ჩასწორებით და მიეთითება წინ, რომ ეს მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს შეეხება,“ - განაცხადა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სუს-ის თანამშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება.
ფარულად მსახურობის პერიოდი, შრომის საერთო სტაჟში ჩაითვლება და ანაზღაურებადი იქნება. ცვლილებას, მთავრობის რეორგანიზაციის გეგმა ითვალისწინებს.