ოპოზიციის წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნას და თბილისში ჩატარებული სპეც ოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ითხოვს. განცხადებები ამის შესახებ პარლამენტში გაკეთდა.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრს ნიკა მელიას აინტერესებს, რა იყო ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მყოფი შეიარაღებული ჯგუფის ყოფნის მიზეზი. მელია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა არის მოშლილი. დასადგენია, რეალურად რა იყო ამ ადამიანების მოტივი, მიზანი, ვინ შეუწყო ხელი, რომ ისინი უდრტვინველად ყოფილიყვნენ განლაგებულნი საცხოვრებელ კორპუსში, როგორც ჩანს, თვეების განმავლობაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვეღარ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. არის ვითარება საგანგაშო, რომელიც საჭიროებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას," - განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტის სხდომაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა სერგი კაპანაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგოს, მონაწილეობდა თუ არა დაგეგმილ ტერორისტულ აქტში ახმედ ჩატაევი.
„ჩატაევი, მინდა გაგახსენოთ, რომ იყო გაეროს ე.წ. ტერორისტების შავ სიაში. აქედან გამომდინარე, ეს არ არის უბრალო ფიგურა და ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, ასეთი ტიპის ადამიანი როგორ შემოვიდა ქვეყანაში, თუ ის მართლაც იყო ლიკვიდირებული ამ სპეცოპერაციის დროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ის უზარმაზარი შეიარაღება და არსენალი იარაღის, რომელიც მოხვდა ამ ბინაში, რომელზეც, როგორც სუს-ის წარმომადგენლები ამბობენ, თვალთვალი მიმდინარეობდა კვირების თუ თვეების განმავლობაში,“ - აღნიშნა კაპანაძემ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა.
„სანამ თქვენ იყენებთ დუმილის უფლებას, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. იმ ვერსიასაც, რომ ჩატაევი თქვენ თავად შემოიყვანეთ საქართველოში,“ - აცხადებს ნადირაშვილი.
ოპოზიციის წევრების ამ განცხადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა.
„რას ეუბნებით, გარდაცვლილი გმირი სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს ან მის თანამებრძოლებს, რომ მისმა ხელმძღვანელობამ მტერი შემოიყვანა და თანამებრძოლი და ოჯახის წევრი მოუკლა? ეს ხომ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა, ეს ხომ არ გჯერათ თქვენ? ეს სირცხვილია თქვენი მხრიდან. გარწმუნებთ, რომ უახლოეს დღეებში ბარტონი ვახტანგ გომელაური პირველ რიგში ნდობის ჯგუფის ფარგლებში, პირველად ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის წევრებს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.