"აბრეშუმის გზის" ფორუმის ფარგლებში, საქართევლოში იმყოფება მოლდოვას პრემიერმინისტრი, რომელიც დღეს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. პაველ ფილიპის განცხადებით, ორ ქვეყანას კონფლიქტების კუთხით, საერთო გამოცდილება აკავშირებს და რეგიონული სოლიდარობა აუცილებელია.
მოლდოვას პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე.
„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სტრუქტურული მსგავსებები ქვეყნებს შორის, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ასოცირების ხელშეკრულება. შევთანხმდით, რომ დღეიდან უფრო მჭიდრო კავშირი გვექნება ამ მიმართულებით, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ევროინტეგრაციის საერთო მიზანი. ჩვენ ერთად გვაქვს უფრო მეტი ძალა და შეგვიძლია მეტის მიღწევა, სწრაფად დავუახლოვდეთ ევროკავშირს,“ - აცხადებს პაველ ფილიპი.
ორი ქვეყნის პრემიერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმებს სავაჭრო და კულტურული ურთიერთობის კუთხით.
„საქართველოს და მოლდოვას აერთიანებს საერთო მიზანი - ეს არის ევროკავშირში სრული ინტეგრაცია. ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ევროინტეგრაციის საკითხებზე რეფორმების პროცესში გამოცდილების გაზიარების კუთხით. გასული 25 წლის განმავლობაში, ეს გამოწვევებიც ისევე მსგავსი გვაქვს, როგორც ჩვენი მისწრაფებები. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა მუდმივად აერთიანებდა ჩვენს ორ მოძმე ქვეყანას,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.