სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებები ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს - განცხადებები ამის შესახებ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტზე მსჯელობისას, პარლამენტში ოპოზიციის წევრების მხრიდან ისმოდა.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები დღეს განმარტებებს ითხოვდნენ, კონკრეტულად რა თანხები დაიზოგება ქვეყანაში სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში.
„გვესაუბრებით მცირე მთავრობაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე, რაზეც ერთი თვის უკვე, გაოცებული თვალებით გვიყურებდით, როდესაც ბიუჯეტის განხილვისას მოვითხოვდით სამინისტროების თუ ბიუროკრატიის შემცირებას და გეუბნებოდით, რომ ამის შესაძლებლობა არ იყო. აღმოჩნდა, რომ მთავრობა პარლამენტის გვერდის ავლით ამუშავებდა ამ იდეას, თუმცა, ამუშავებდა ძალიან მახინჯი მიმართულებით,“ - განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა ირაკლი აბესაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სტრუქტურულ ცვლილებებში ხარჯების დაზოგვის მოტივაცია არ იკვეთება.
„არანაირი ოპტიმიზაციის, არანაირი ხარჯების დაზოგვის მოტივაცია აქ არ იკვეთება. იყო კონკრეტული მოტივაცია ერთის მხრივ, საკადრო გადაადგილებების და მეორეს მხრივ, როგორც ჩანს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში იმგვარი ცვლილებების განხორციელების, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სუს-ით სუს-სს დაამსგავსეს, ერთადერთ ორგანოს, რომელიც იყო სახელმწიფოში და რომელიც დღეს აღარ არსებობს და ეს იყო საბჭოთა კავშირი," - განაცხადა სამადაშვილმა.