ამ წუთებში პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის პოსტზე წარდგენილი ნინო ლომჯარია დეპუტატების წინაშე საკუთარ ხედვებს წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ღიად საუბრობს, რომ მის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
„მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ პერსონალურად მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, წინააღმდეგობას არ გავწევ, მაგრამ ხმის მიცემა გამიჭირდება და ამიტომ პასუხისმგებლობას მოვერიდები ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ მისი წინანდელი პოზიციები მთლად არ ეწყობა ჩემს პოზიციებთან. გუშინაც ვკითხე, რამდენად პოლიტპატიმრად გეჩვენებათ მერაბიშვილი? ვერ მივიღე მთლად დამაკმაყოფილებელი პასუხი,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეფასება გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ.
„არის წარმოდგენილი ორი კანდიდატი, ორივეს სასარგებლოდ ბევრი რამე შეიძლება ითქვას და მე პირადად მაქვს თავისუფალი რეჟიმი ფიქრის, იმისათვის რომ მივიღო გადაწყვეტილება. კომიტეტზე მე გიორგი ფოფხაძის სასარგებლოდ ხმა მივეცი, იმიტომ რომ მიმაჩნდა, რომ კომიტეტს ნამდვილად არაფერი არ ჰქონდა საფუძველი, რომ უარყოფითად შეეფასებინა მისი კანდიდატურა და ჩემი პირადად ერთი ხმა მან დაიმსახურა. სესიაზე მე კიდევ დავფიქრდები და კიდევ ბევრ არგუმენტს და ფაქტორს გავითვალისწინებ გადაწყვეტილების მიღების დროს,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველოს“ წევრები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათი თქმით, უმრავლესობამ ერთპიროვნულად შეარჩია ნინო ლომჯარიას კანდიდატურა.
„ჩვენთვის მიუღებელია გაუმჭვირვალე, დახურული კულუარული პროცესი, როდესაც სამოქალაქო სექტორმა წარმოადგინა 4 კანდიდატურა და ჩვენ უნდა გვქონოდა საშუალება მოგვესმინა ამ კანდიდატურებისთვის, შეგვეჯერებინა მათი ხედვები და მიგვეღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველის არჩევის თაობაზე. ამის ნაცვლად, უმრავლესობამ კულუარულად თავად შეარჩია უკვე ფავორიტი კანდიდატი და ჩვენ გვთავაზობს მისი დამტკიცების პროცედურას, რაც ჩვენთვის მიუღებელია,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.