20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ნინო ლომჯარია ოპოზიციისა და უმრავლესობის შეკითხვებს პარლამენტში პასუხობდა - უმრავლესობის კანდიდატს მმართველ გუნდში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატს ნინო ლომჯარიას მოუსმინეს. უმრავლესობის და უმცირესობის წევრები ლომჯარიას შეკითხვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით უსვამდნენ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს ოთარ კახიძეს აინტერსებს, ჰყავს თუ არა საქართველოს პოლიტიკური მოტივაციით პატიმრები და დევნილები.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ბუნებრივია ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ არის ნამდვილად სასიამოვნო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა იყოს ისეთი, სადაც სასამართლო დაგვიდგენს უფლების დარღვევას. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრად პირის შეფასების პროცესს, კრიტერიუმად დღეს ითვლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ ნინო ლომჯარიას კითხვით მიმართა და დაინტერესდა რა ნაწილში აკრიტიკებს ის მმართველ გუნდს. ლომჯარია სამართალდამცველების მხრიდან, სავარაუდო გადაცდომების შესახებ საჩივრების ზრდაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ამ საკითხთან მიმართებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს. გარდა ამისა, ლომჯარია ამბობს, რომ კითხვის ნიშნები არსებობს სასამართლოს მიმართაც.

„სამართალდამცავი ორგანოების, განსაკუთრებით პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო გადაცდომების ფაქტების შესახებ საჩივრების ზრდადი ტენდენცია, რაზეც საუბრობს სახალხო დამცველი, რაზეც საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის ის, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება მართებს ალბათ საქართველოს პარლამენტს,“ - აღნიშნა ლომჯარიამ.

დევნილების საკითხზე ნინო ლომჯარიას მოსაზრებით დაინტერესდა პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია. 

„დევნილები არიან ასევე ის ადამიანები, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველთა სექტორში, სადაც სახელმწიფოს სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე,“ - ამბობს ლომჯარია.

დღესვე ნინო ლომჯარია "ქართული ოცნების" ნაწილის კრიტიკას ისმენდა. უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ღიად აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს საკუთარი პარტიის მიერ დასახელებულ ლომჯარიას.

საპარლამენტო ოპოზიციიდან „ევროპული საქართველო“ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარმართული არ იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ნინო ლომჯარიასთვის მხარის დაჭერას არ აპირებს „პატრიოტთა ალიანსი.“ მათ საკუთარი კანდიდატი ჰყავთ წარდგენილი.

დღის ამბები