20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობა იურიდიულმა კომიტეტმა გადადო

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადებები გაკეთდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში საკითხზე მსჯელობა გადაიდო. ეკა ბესელიას თქმით, არსებობს გარკვეული კითხვები და ამიტომ იურიდიული კომიტეტი გადაწყვეტილებას ნაჩქარევად ვერ მიიღებს.

„იურიდიული კომიტეტისთვის და საქმისთვისაც უკეთესი იქნება, თუ ჩვენ კიდევ რამდენიმე დღე ვიმუშავებთ ამ პაკეტზე,“- აღნიშნა ბესელიამ.

მმართველი გუნდის ნაწილი კი ამბობს, რომ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობის გადადება თავად საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის პოზიციას უკავშირდება, რომელთა აზრით, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უწყებად უნდა დარჩეს და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არ უნდა გაერთიანდნენ.

„პროექტი 900 გვერდზე მეტია, შეიძლება ესეც ერთ-ერთ მიზეზი იყოს, მაგრამ ისიც, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებაზე ერთმა კომიტეტმა მხარდაჭერაზე უარი თქვა და ბევრმა კომიტეტმა შენიშვნებზე ჩაწერა, ესეც სერიოზული მიზეზია,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს. მათი შეფასებით, ხელისუფლებას ცვლილებები პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება.

„თუ სამინისტროების ქვეშ არსებული უამრავი უსაქმური და გაბერილი უწყებები არ შეიცვალა, არ შეერწყა ან არ გადაკეთდა, ეს იქნება მხოლოდ მექანიკური შეერთება, რომელიც უცვლელად დატოვებს ბიუროკრატიას,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მთავრობა გაუაზრებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

„საუბრობენ და მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ გვექნება მცირე მთავრობა და ნაკლები სამთავრობო ხარჯი, თუმცა გვეუბნებიან, რომ, დაახლოებით, კიდევ სამი თვე დასჭირდებათ, რომ დააზუსტონ, კიდევ რა რაოდენობის თანხა დაიზოგება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები