„წარდგენა ალბათ არ მჭირდება, იმდენი მეგობარი მყავს, რომელთა საქმეებიც მე ევროპარლამენტში მიმიტანია თავის დროს,“ - ეს განცხადება ომბუდსმენობის კანდიდატმა, გიორგი ფოფხაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პარლამენტში ცოტა ხანში საბოლოო კენჭისყრა უნდა დაიწყოს. სულ საკანონმდებლო ორგანოში ომბუდსმენის თანამდებობაზე 2 კანდიდატია წარდგენილი. ერთი მათგანი, ნინო ლომჯარია დეპუტატებს სამოქალაქო სექტორმა შესთავაზა. მეორე კანდიდატი, ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე კი პატრიოტთა ალიანსმა გუშინ დაარეგისტრირა.
გიორგი ფოფხაძემ უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ ევროპულ სტრუქტურებში მათ საქმეები სწორედ გიორგი ფოფხაძის დახმარებით ხვდებოდა.
„აგერ გოგიჩა. ბატონო მამუკა, თქვენი საქმეც მე მაქვს მიტანილი თავის დროზე, ევროპარლამენტში და ევროსტრუქტურებში. თქვენი მეგობრის, მერაბ ლადაძის. 72 პოლიტპატიმრის სია ეკასთან ერთად, ჩემი მიტანილია ევროსტრუქტურებში. ვხედავ კობის, რომელიც გავიცანი გიო დემეტრაძის საქმეზე,“ - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.
გიორგი ფოფხაძემ მმართველი გუნდის მთავარ მიღწევებზეც ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
„მე არ მოვერიდები დადებითად შევაფასო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმთავრესი მიღწევა - დღეს საქართველოში რეალურადაა დაცული ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები. თუ მე ვიქნები არჩეული ამ თანამდებობაზე, მოგცემთ რეკომენდაციებს კანონმდებლობაში საჭირო რეგულაციებისთვის, რომ არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის პრეცენდენტი,“ - განაცხადა ომბუდმენობის კანდიდატმა.
ფოფხაძე ასევე აღნიშნავს, რომ მისი ომბუდსმენად დამტკიცების შემთხვევაში სექსუალური ორიენტაციის კუთხით დისკრიმინაცია არ მოხდება, თუმცა, მათი პროპაგანდისტული გამოსვლები აიკრძალება.
„სექსუალური ორიენტაციის კუთხით არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დევნა და დისკრიმინაცია, მაგრამ მკაცრად უნდა აიკრძალოს ნებისმიერი მათი პროპაგანდისტული გამოსვლები,“ - განაცხადა ფოფხაძემ.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ ნინო ლომჯარია ვიწრო ჯგუფის ინტერესების გამომხატველია, მაშინ როდესაც გიორგი ფოფხაძე ხალხის ინტერესებს წარმოადგენს.
„გიორგი ფოფხაძე არის სულ სხვა განზომილებაში და ქალბატონი ლომჯარია არის სულ სხვაგან. სადაც არის გიორგი ფოფხაძე იქ არის ქართველი ხალხის ინტერესი და სადაც არის ქალბატონი ლომჯარია, იქ არის კერძო, ვიწრო NGO-ების ინტერესი,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.